ბლოგი - საქართველო

საქართველოს საინტერესო ისტორიული და კულტურული ამბები

ბოჭორმა - ტაძარი სადაც უშვილოები  აკვნებს და თოჯინებს ტოვებენ

ბოჭორმის ციხესიმაგრე თიანეთის მუნიციპალიტეტში.  სიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით 14 კმ-ში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. ციხე სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში უჯარმის შემდეგ, იგი აგრეთვე კახეთის პოლიტიკური ცენტრიც იყო.  

 Bochorma 3

ვახუშტი  ბაგრატიონი  ბოჭორმის  შესახებ  აღნიშნავს:  `უჯარმას  ზეით  ჩდილოთ  და  იორს  აღმოსავლით  არს  ბოჭორმა-ციხე.  ბოჭორმიდამ  უჯარმამდე არს ხეობა ფრიად მაგარი, მთოვანი, კლდოვანი ძუელად შენობიან-ეკლესიანი. ხოლო ბოჭორმა აღაშენა ცოლმან ქართლოსისამან და უწოდა დედა-ციხე. ესე არს  მაღალს  კლდესა  ზედა.  გამოდის  ციხესა  შინა წყარო. არს შენობა დიდი და მაგარი (ესე არს რომელი  წილად  ხუდა  კახოსს  და  შენებასა  ჩელეთისასა მისცა  კუხოსს,  და  შეეწია  კუხოს  შენებასა  ჩელეთი-სასა კახოსს), შემდგომად უწოდეს ვეჭორმა, ესე იგი არს: `ვეჭ, ორმა ძმამ ცილება ყვეს ამ ციხესა ზედა მერმე უწოდეს ბოჭორმა"
ციხე ფუნქციონირებდა XVIII ს-ის ბოლომდე.  1749 წ. ერეკლე II-მ ციხე განაახლა, ბოჭორმის  ციხის  ტერიტორია  არქეოლოგიურად შეუსწავლელია.


Bochorma 5

ბოჭორმის ციხესიმაგრის  შიდა  ფარგლებში მოქცეულია წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია, სასახლე, პატარა დარბაზული ეკლესია, ცილინდრული კოშკი და გვიანდელი შუა საუკუნეების (ერეკლე II ეპოქის) რამდენიმე ნაგებობა.  შიდა ციხის სამხრეთ–დასავლეთის კოშკი გეგმით კვადრატული (8X8 მ) სამსართულიანი შენობაა.

 Bochorma 4Bochorma 1

ბოჭორმის წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც თარიღდება X საუკუნით  გეგმით ექვსაფსიდიანი, ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია შირიმითა და მომწვანო ფერის ქვიშაქვით. 

მოხატულობა,  რომელიც ამკობს  ეკლესიის  ექვსივე  აფსიდის  კედლებს  თარიღდება  XI-XII  სს-ით. დაზიანების მიუხედავად, თითქმის ყველა კომპოზიცია გაირჩევა და დეკორის საერთო პროგრამის აღდგენა მაინც შესაძლებელია.

 Bochorma 2

ბოჭორმის წმ. გიორგის ხატი -  ძველად მშვენიერ ვაჟკაცზე იტყოდნენ ხოლმე, - ბოჭორმის წმინდა გიორგის ჰგავსო. მართლაც მშვენიერია და დიდებული ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი. 1800 წელს მეფე გიორგი XII ტფილისელ გაბრიელ ოქრომჭედელს თელავში ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატის პერანგს აახლებინებდა. ეს ხატი თელავში, წმინდა ქეთევან დედოფლის ეკლესიაში, ესვენა და მისი მეოხებით სნეულნი და ეშმაკეულნი იკურნებოდნენ. მკერდზე ვერცხლი აჰყარეს და გამოჩნდა წმინდა

მთავარმოწამე გიორგის მკლავი. არავინ იცოდა, რომ იგი ხატში ესვენა. როცა ხატის გაახლება დაასრულეს და წმინდა ნაწილი ისევ ხატში, ძველ  ადგილას ჩააბრძანეს, "ჟამსა ამასვე მოეფინა მშვიდობა საქართველოსა ზედა".

ბოჭორმის წმ. გიორგის ხატი ამჟამად ხელოვნების მუზეუმში ინახება.

 Bochorma 6

  გიორგობის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იყრის აქ თავს. ხალხში არსებობს ასეთი რწმენა, რომ უშვილო ოჯახები ეკლესიაში ტოვებენ აკვნებს, ქვევრებს, თოჯინებს, ხოლო წმინდა გიორგი კი მათ შეეწევა და აჩუქებს შვილებს. ასევე სურვილს თუ ჩაუთქვამ და 3 წრეს მუხლისჩოქვით შემოუვლი, სურვილი აგისრულდება.

 Bochorma

 

ფოტო - ნოე ელიზბარაშვილი

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.