ტურისტული ახალი ამბები

ზოგადი რეკომენდაციები - სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით

თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
1. სამუშაო ადგილებზე დამსაქმებლების, დასაქმებულების და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება უნდა განხორციელდეს სამუშაო ადგილებზე ვირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ზოგადი რეკომენდაციებისა და კონკრეტული საქმიანობისათვის შემუშავებული სექტორული რეკომენდაციების შესაბამისად.
2. სამუშაო ადგილებზე დამსაქმებლების, დასაქმებულების და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ზოგადი რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა ყველა სექტორისათვის, რომლის სამუშაო სივრცეში არის სულ მცირე ერთი დასაქმებული ან/და ერთი სხვა/მესამე პირი.
3. სამუშაო ადგილებზე ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შემუშავება უნდა განხორციელდეს იმ საფრთხის შემცველი ფაქტორების ანალიზის საფუძველზე, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დასაქმებულის ან სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და გამოიწვიოს შრომისუნარიანობის დროებითი ან მუდმივი დაკარგვა.

თავი II. სამუშაო ადგილზე ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის ღონისძიებები
მუხლი 2.
1. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზაციებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი „კონტროლის ღონისძიებების იერარქიით“.
Corona Zogadi danarti1
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რისკის კონტროლის იერარქიის არჩევისას, არსებული სამუშაო გარემოს სპეციფიკისა და თავისებურებებიდან გამომდინარე დამსაქმებელმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს კონტროლის იერარქიის პირველ საფეხურს (საფრთხის აღმოფხვრა), ხოლო დასაბუთებული ტექნოლოგიური მიზეზების გამო, თუ ვერ ხერხდება კონტროლის იერარქიის სრული დაცვა, იხელმძღვანელოს დაღმავალი მიმართულებით უპირატესი საკონტროლო ღონისძიებიდან ბოლო საფეხურამდე.
3. სამუშაო ადგილებზე კონტროლი უნდა განხორციელდეს სისტემატურად, რათა მოხდეს საფრთხის აღმოფხვრა, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში მისი შემცირება და მინიმუმამდე დაყვანა.
4. უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად, დამსაქმებელმა ღონისძიებები უნდა გაატაროს შემდეგი იერარქიულობის დაცვით:
ა) პირველ რიგში საინჟინრო კონტროლის ღონისძიებები (მაგ. - დამცავი ბარიერები და ა.შ);
ბ) შემდეგ ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებები (ინსტრუქციები, ტრენინგი, სადეზინფექციო საშუალებების უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შემუშავება);
გ) ბოლოს განხორციელდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება (ნიღბები, სათვალეები, ხელთათმანები, კომბინიზონი).
5. კონტროლის ღონისძიების თითოეულ დონის შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ ღონისძიებების უპირატესობები და ნაკლოვანებები და მათი განხორციელების შესაძლებლობა.
6. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია კონტროლის ღონისძიებების კომბინაცია სამუშაო ადგილზე ვირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების ან შეჩერების (მართვის) მიზნით.
მუხლი 3. 1. სამუშაო ადგილებზე ვირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი საკონტროლო ღონისძიებები წარმოადგენს სამუშაო პოლიტიკის ან პროცედურების ცვლილებებს, რათა შემცირდეს ინფექციის გავრცელების საფრთხე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი საკონტროლო ღონისძიებები შესაძლებელია მოიცავდეს:
ა) მოწოდებას ინფექციაზე საეჭვო დასაქმებულების მიმართ, რომ სახლში დარჩნენ;
ბ) დამსაქმებლებს, დასაქმებულებს და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირებს შორის კონტაქტის მინიმუმამდე შემცირებას, დისტანციური მუშაობის შემოღების გზით;
გ) ალტერნატიული დღეების ან ცვლებში მუშაობის შემოღებას, რათა შემცირდეს დაწესებულებაში/ობიექტზე ერთდროულად მყოფ თანამშრომელთა საერთო რაოდენობა;
დ) დასაქმებულებისა და მესამე/სხვა პირებისათვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას;
ე) დასაქმებულთათვის ტრენინგების და ინსტრუქტაჟების ჩატარებას ვირუსის გავრცელების რისკებისა და პრევენციული საკონტროლო ღონისძიებების შესახებ (მაგ. ხველების ეტიკეტი, ხელის დაბანის ეტიკეტი, პირადი დაცვის აღჭურვილობის მოვლა და ა.შ.) და მათთვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომობას;
ვ) დასაქმებულისთვის ტრენინგების ჩატარებას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე.
3. ვირუსული ინფექციის გავრცელების მინიმუმამდე შემცირების მიზნით შესაძლებელია ობიექტზე მოთხოვნილ იქნეს საინჟინრო და ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებებთან ერთად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) გამოყენება.

მუხლი 4.
1. ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - ხელთათმანები, დამცავი სათვალეები, სახის დამცავი ფარები, სახის ნიღბები, რესპირატორული დამცავი საშუალებები და სხვა ის ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რაც შესაძლოა გონივრულად იყოს მიჩნეული ვირუსული ინფექციის პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით.
2. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რომ:
ა) შერჩეულ იქნეს თანამშრომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად;
ბ) სათანადოდ იყოს მორგებული სამუშაოსა და დასაქმებულზე (მაგ. ნიღბები);
გ) გამოიყენებოდეს დადგენილი წესის შესაბამისად; დ) რეგულარულად ხორციელდებოდეს მისი შემოწმება ვარგისიანობაზე (საჭიროების
შემთხვევაში გაეწიოს ტექნიკური მომსახურება,ხოლო დაზიანების შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი დროული გამოცვლა);
3. ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით დასაქმებულის აღჭურვაზე, მისი სამუშაოს სპეციფიკასა და დასაქმებულის საჭიროებებთან შესაბამისობის შემოწმებაზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი.
4. ამ მუხლის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებაზე დამსაქმებლის მიერ უნდა განხორციელდეს დასაქმებულისათვის ინფორმაციის მიწოდება ინდივიდუალური დაცვის საშუალების შერჩევის, გამოყენების (მათ შორის მისი ტარების, მორგების, სათანადო განთავსების, ან დეზინფექციის, დაზიანებაზე შემოწმების და ა.შ.) შესახებ.

მუხლი 5.
1. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო ადგილებზე უნდა მოხდეს რისკის შეფასება. რისკები შეიძლება იყოს:
ა) ძალიან მაღალი - სამუშაო ადგილზე დასაქმებულის ვირუსული ინფექციით ინფიცირების შესაძლებლობის დონე ძალიან მაღალია (რისკის შემცველი სამუშაო ადგილებია: კონკრეტული სამედიცინო ან სამედიცინო ლაბორატორიული პროცედურების განმახორციელებელი დაწესებულებები, ხოლო დასაქმებულების შემთხვევაში - ჯანდაცვის პერსონალი (მაგ. ექიმები, ექთნები, სტომატოლოგები, პირველადი სამედიცინო დახმარების გამწევი პირები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი), ლაბორატორიის პერსონალი, რომელიც აგროვებს ან ამუშავებს ვირუსით დაავადებული ან ამ დაავადებაზე ეჭვმიტანილი პაციენტების ნიმუშებს);
ბ) მაღალი - ვირუსული ინფექციით ინფიცირების დონე სამუშაო ადგილზე მაღალია ან სავარაუდო წყაროების მიმართ ინფიცირების დიდი პოტენციალი არსებობს (ამ კატეგორიას განეკუთვნება შემდეგი პერსონალი: ექიმები, ექთნები და სხვა დამხმარე პერსონალი, რომლებსაც უწევთ პაციენტების პალატებში შესვლა; მორგში მომუშავე პირები, რომლებიც მონაწილეობენ იმ პირთა გვამების მომზადებაში, რომელთაც გარდაცვალებამდე დაუდასტურდათ, ან რომელთა მიმართ არსებობდა ეჭვი, რომ დაავადებული იყვნენ ვირუსული ინფექციით);
გ) საშუალო - ინფიცირების საშუალო რისკის სამუშაო ადგილები მოიცავს ისეთ სამუშაო ადგილებს, სადაც დასაქმებულებს მოეთხოვება ხშირი ან/და მჭიდრო კონტაქტის ქონა (2 მეტრზე ნაკლები) იმ ადამიანებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ ვირუსული ინფექციით დაინფიცირებულ ან დაინფიცირებაზე საეჭვო პაციენტებს. ასეთი ადგილები შეიძლება იყოს სკოლები, მრავალრიცხოვანი/მჭიდრო სამუშაო ადგილები, ზოგიერთი საცალო ვაჭრობის ცენტრი, სხვა ობიექტები, სადაც ადამიანთა თავშეყრის ადგილებია);
დ) დაბალი - ინფიცირების დაბალი რისკის სამუშაო ადგილები ისეთი ადგილებია, სადაც დასაქმებულებს არ მოეთხოვება ვირუსული ინფექციით დაინფიცირებულ, ან ვირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო პირებთან კონტაქტი, და არც ხშირი და ახლო კონტაქტი მოეთხოვება ფართო საზოგადოებასთან. ამ კატეგორიას მიკუთვნებულ დასაქმებულებს მინიმალური კონტაქტი აქვთ სამუშაო ადგილზე ფართო საზოგადოებასთან ან სხვა თანამშრომლებთან.
2. სამუშაო ადგილებზე რისკის დონის განსასაზღვრად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესასრულებელი სამუშაოს ტიპი.

მუხლი 6.
1. ის სამუშაოები, რომლებიც მიჩნეულია ძალიან მაღალი ან მაღალი რისკის მქონედ, დასაქმებულთა სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საჭიროებს განსაკუთრებული პრევენციული ღონისძიებების დაცვას, რათა მოხსდეს დასაქმებულთა დაინფიცირების რისკის გამორიცხვა ან მინიმუმამდე დაყვანა.
2. ძალიან მაღალი ან მაღალი რისკის სამუშაო ადგილებზე დამსაქმებლები უნდა ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის პრევენციულ ღონისძიებებს ვირუსული ინფექციის თავიდან აცილების მიზნით:
ა) საინჟინრო კონტროლის ღონისძიებები:
ა.ა) სამუშაო ადგილები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰაერის დამუშავების შესაბამისი სისტემების დამონტაჟებით და სათანადო ტექნიკური მომსახურებით (შესაძლებლობისა და აუცილებლობის გათვალისწინებით (პრიორიტეტი ენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას);
ა.ბ) ვირუსული ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, ან სავარაუდო შემთხვევისას (ე.ი. პირები, რომელთა გამოკვლევა გრძელდება) ინფიცირებული/საეჭვო პირი უნდა მოთავსდეს სამედიცინო დაწესებულების საიზოლაციო პალატებში (ბოქსი, ნახევრად-ბოქსი, ბოქსირებული პალატა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ა.გ) ის პროცედურები რომლებსაც თან ახლავს აეროზოლების წარმოქმნა, უნდა განხორციელდეს საიზოლაციო პალატებში (მაგ., რეანიმაციის ბოქსირებული პალატა, ან საიზოლაციო სათავსი);
ა.დ) ვირუსის დადასტურების შემთხვევაში ან სავარაუდო პაციენტებიდან ან/და მათგან აღებული ნიმუშების დამუშავებისას უნდა იქნეს დაცული ბიოუსაფრთხოების დადგენილი ზომები.
ბ) ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებები:
ბ.ა) სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა იხემძღვანელონ დაწესებულების პრაქტიკის შესახებ არსებული გაიდლაინებით და სტანდარტებით, დაინფიცირებული პირების გამოვლენისა და იზოლირების და თანამშრომელთა დაცვის მიზნით; ბ.ბ) სამუშაო ადგილებზე უნდა მოხდეს იმგვარი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს დაინფიცირების რისკის შემცირებას;
ბ.გ) დასაქმებულებს უნდა მიეწოდოს მათ სამუშაოსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ინფორმაცია და ჩაუტარდეთ სათანადო ტრენინგი ინფექციის გავრცელების პრევენციის შესახებ (მათ შორის საწყისი და განმეორებითი ტრენინგი);
გ) უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის განხორციელების ღონისძიებების შემუშავების მიზნით უნდა მოხდეს საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შემუშავება;
დ) ყოველდღიური უნდა განხორციელდეს დასაქმებულთა ტემპერატურის კონტროლი, ხოლო დადგენილი პერიოდულობით ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება სათანადო ტესტების გამოყენებით.
ე) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას:
ე.ა) დასაქმებულებმა, რომლებიც ინფიცირების მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის წინაშე დგანან, შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, უნდა ატარონ ხელთათმანები, ხალათი, სახის დამცავი ფარი, დამცავი სათვალეები და რესპირატორი;
ე.ბ) დასაქმებულები, ვინც უშუალო კონტაქტში არიან ვირუსული ინფექციის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან და ახორციელებენ აეროზოლების მაგენერირებელ პროცედურას, უნდა გამოიყენონ რესპირატორები;
ე.გ) იმ დასაქმებულებთან მიმართებაში, რომლებიც მუშაობენ ლაბორატორიებში, ან მორგში/დამკრძალავ სახლებში და ა.შ. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევა უნდა მოხდეს მათი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით , განსაკუთრებით როდესაც მათ უწევთ სისხლის, სხეულის სითხეების, ქიმიური ნივთიერებების და სხვა მასალების ექსპოზიციისაგან თავის დასაცავად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება
(შესაძლებელია საჭირო გახდეს სამედიცინო/ქირურგიულ ხალათების, სითხეგაუმტარი კომბინიზონების, წინსაფრების, ან სხვა ერთჯერადი, ან მრავალჯერადი გამოყენების დამცავი ტანსაცმელის გამოყენების ვალდებულება);
ე.დ) დასაქმებულები, რომლებიც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების აღჭურვილობას და სხვა ინფექციური ნარჩენების მართვას უზრუნველყოფენ, ასევე უნდა გადამზადდნენ და უზრუნველყოფილ იყვნენ ინდივიდუალური დაცვის სათანადო აღჭურვილობით.

მუხლი 7.
1. იმ სამუშაო ადგილებზე, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც ვირუსული ინფექციის გავრცელების საშუალო რისკის მქონედ, დასაქმებულთა სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საჭიროებენ თანმიმდევრული და სისტემურად გამართული პრევენციული ღონისძიებების დაცვას, რათა მოხსდეს დასაქმებულთა დაინფიცირების რისკის გამორიცხვა ან მინიმუმამდე დაყვანა. 2. დაინფიცირების საშუალო რისკის მქონე ობიექტებზე დამსაქმებლის მიერ უნდა განხორციელდეს სულ მცირე შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:
ა) საინჟინრო კონტროლის ღონისძიებები:
ა.ა) მოხდეს ბარიერების დამონტაჟება დასაქმებულთა ან/და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა შორის დისტანციის დაცვის მიზნით;
ბ) ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებები:
ბ.ა) უნდა მოხდეს სახის დამცავი ნიღბებით ყველა იმ დასაქმებულისა და მესამე/სხვა პირის აღჭურვა, რომესაც აღენიშნება რესპირატორული სეკრეცია (ვიდრე ისინი შეძლებენ სამუშაო ადგილის დატოვებას);
ბ.ბ) მოხდეს ვირუსული ინფექციის შესახებ ინფორმაციის განთავსება დასაქმებულთა ან/და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთათვის თვალსაჩინო ადგილას;
ბ.გ) პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე განხორციელდეს დახურული
სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია დადგენილი წესით;
ბ.დ) მოხდეს დეზობარიერების განთავსება შენობების შესასვლელებში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
ბ.ე) ობიექტზე უნდა მოხდეს ხელის ჰიგიენური საშუალებების განთავსება თვალსაჩინო ადგილას, ასევე იმავე ადგილას განთავსდეს ინფორმაცია მათი სწორად მოხმარების თაობაზე;
ბ.ვ) მოხდეს გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების დახურულ კონტეინერებში განთავსება და მათი შენობიდან დროულად გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.
ბ.ზ) საჭიროების შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს მესამე/სხვა პირების და ფართო საზოგადოების დაშვება სამუშაო ადგილზე, ან განისაზღვროს სამუშაო არეალი მათი დაშვების მიზნით;
ბ.თ) მოხდეს პირადი კონტაქტების მინიმუმამდე შემცირების ღონისძიებების დაგეგმვა დამსაქმებლის მიერ (მაგ. მანქანიდან გადმოუსვლელად მომსახურების მიღების ადგილების მოწყობა, ტელეფონით კომუნიკაცია, ან დისტანციური მუშაობის შემოღება თანამშრომლებისთვის);
ბ.ი) სამუშაო სივრცეში მყოფ მესამე/სხვა პირთა შორის დისტანციის დასაცავად მოხდეს სავალდებულო პირობითი ნიშნების განთავსება (იატაკზე შესაბამისი სტიკერების, ნახაზების სახით და ა.შ.);
გ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:
გ.ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევისას უნდა მოხდეს მათი ფუნქციური დანიშნულების, მორგებადობის, გაუსნებოვნების შესაძლებლობისა და საბოლოო განთავსების გათვალისწინება; გ.ბ) დამსაქმებლის მიერ უნდა მოხდეს ისეთი ინდივიდუალური დაცვის საშუალების შერჩევა, რომელიც დაიცავს თანამშრომლებს კონკრეტულად მისი სამუშაო ადგილისა და სპეფიციკის გათვალისწინებით;
გ.გ) ინფიცირების საშუალო რისკის მქონე თანამშრომლების მიმართ ინდივიდუალური დაცვის საშუალების შერჩევა უნდა განხორციელდეს რისკის შეფასების შედეგების შესაბამისად (შესაძლოა დასჭირდეთ ნიღბების, ხელთათმანების, კომბინიზონის, სახის დამცავი ფარის, ან დამცავი სათვალეების კომბინაციის გამოყენებაც).

მუხლი 8.
1. იმ სამუშაო ადგილებზე, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც ვირუსული ინფექციის გავრცელების დაბალი რისკის მქონედ, ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შემუშავება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს ვირუსის გავრცელეს შესაძლებლობა ან შესაძლებელი იყოს მისი მინიმუმამდე დაყვანა.
2. დაინფიცირების დაბალი რისკის მქონე ობიექტებზე დამსაქმებლის მიერ უნდა განხორციელდეს სულ მცირე შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:
ა) საინჟინრო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დაბალი ინფიცირების რისკის მქონე თანამშრომლების შემთხვევაში, აუცილებელი არ არის საინჟინრო კონტროლის ღონისძიებების გატარება. დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საინჟინრო კონტროლის ღონისძიებების არსებული საშუალებების ფუნქციონირება განხორციელდეს ობიექტზე არსებული საფრთხეების შესაბამისად, დასაქმებულის სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით;
ბ) ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებების განხორციელების დროს დამსაქმებელმა სამუშაო ადგილებზე, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოს:
ბ.ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ობიექტზე ინფორმაციის განთავსება;
ბ.ბ) ვირუსული ინფექციის გავრცელების მიზნით პრევენციული ღონისძიებების შესახებ დასაქმებულთა ხელმისაწვდომობა;
ბ.გ) დასაქმებულთა უზრუნველყოფა ჰიგიენური დაცვის საშუალებებით (ხელის დასაბანი საშუალებები ან სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო, ხელის გამწმენდი სითხის არსებობა).
გ) დაბალი რისკის სამუშაო ადგილებზე არ არის სავალდებულო დამატებით
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, გარდა იმისა, რაც რეკომენდირებულია განსაზღვრულ მომენტში სათანადო უფლებამოსილი ორგანოს/დამსაქმებლის მიერ ან/და განსაზღვრულია ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად.

თავი III. ვირუსული ინფექციის დროს სამუშაოს შესრულების ზოგადი მოთხოვნები

 

მუხლი 9
1. ვირუსული ინფექციის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით დამსაქმებლის მიერ უნდა განხორციელდეს ისეთი საკითხების შეფასება და შესწავლა, რომელმაც შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს დასაქმებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
2. დამსაქმებლის მიერ უნდა შეფასდეს დასაქმებულის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნის გამო დაინფიცირების რისკის დონე და იმ შემთხვევაში თუ ინფექციური დაავადების გავრცელების ინდიკატორად მიჩნეულ იქნება საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია, დასაქმებულები არ უნდა გამოცხადდნენ სამუშაო ადგილას თუ:
ა) მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო ორი კვირის განმავლობაში;
ბ) მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ ვირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით).
2. დამსაქმებლის მიერ უნდა შეფასდეს დასაქმებულის სამუშაო სპეციფიკა და ინდივიდუალური მახასიათებლები და უნდა მისცეს შესაძლებლობა დასაქმებულებს არ გამოცხადდნენ სამუშაო ადგილას თუ:
ა) აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
ბ) მიეკუთვნებიან ვირუსული ინფექციის გართულებების მაღალი რისკის მქონეებს (ასაკი, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) და სხვა).

მუხლი 10.
1. დამსაქმებლის მიერ სამუშაო ადგილებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით უნდა უზრუნველყოს ჰიგიენის და ინფექციის კონტროლის სათანადო პრაქტიკა.
2. დამსაქმებელმა სამუშაო ადგილზე ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები უნდა დაგეგმოს და განახორციელოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს:
ა) სამუშაო ადგილებზე ხელების ხშირი და გულდასმით დაბანის ხელშეწყობა;
ბ) ხელის დასაბანი ადგილის გამოყოფა დასაქმებულთა და მესამე პირებისთვის;
გ) ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე;
დ) თანამშრომელთა წახალისება, რათა დარჩნენ სახლში ავად ყოფნის შემთხვევაში;
ე) რესპირატორული ეტიკეტის დაცვის წახალისება, მათ შორის ხველის დაცემინების დროს ცხვირის და პირის დაფარვა; ვ) ერთჯერადი ხელსახოცებით და სხვა პირადი დაცვის საშუალებებით სამუშაო ადგილების მომარაგება;
ზ) ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
თ) დასაქმებულისათვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაავადებული თანამშრომლების სახლში დარჩენა, როტაციული გრაფიკის შემუშავება ან/და სამუშაოს დისტანციურად შესრულება;
ი) სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა ტრანსპორტირების შემთხვევაში უნდა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების შიდა სივრცის სანიტარული დამუშავება ყოველი შესრულებული სამარშუტო ხაზის შემდგომ, მაგრამ არაუმეტეს მგზავრების გადაყვანამდე 10 საათით ადრე.
3. დამსაქმებლებმა უნდა შეიმუშაონ იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც ვირუსული ინფექციის ნიშნები და/ან სიმპტომები გააჩნიათ.
4. დამსაქმებელმა დასაქმებულებს უნდა ჩაუტაროს სწავლებები:
ა) სამუშაო ადგილზე შემუშავებული, ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
ბ) ვირუსული ინფექციის გამოვლენის შემდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
5. დამსაქმებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა ავადმყოფობის გამო შვებულების პოლიტიკის მოქნილობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ მითითებებთან მისი შესაბამისობა.
6. დამსაქმებელმა, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა შეიმუშოს მოქნილი პოლიტიკა, რომელიც დასაქმებულებს საშუალებას მისცემს, დარჩნენ სახლში (თუ მათი სამუშაოს სპეციფიკა დისტანციური მუშაობის საშუალებას იძლევა, ასევე გათავისუფლდნენ სამსახურში მისვლის ვალდებულებისგან).

მუხლი 11.
1. ნებისმიერი საქმიანობის განხორციელებისას დამსაქმებლის მიერ უნდა მოხდეს ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის შემუშავება (საგანგებო სიტუაციების გეგმა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გეგმის შემუშავებისას დამსაქმებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ამ ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, რომლებიც მას დაეხმარება განსაზღვროს, თუ როგორ უნდა მოხდეს სამუშაო ადგილებზე ვირუსის გავრცელების პრევენცია, ხოლო სამუშაო ადგილზე მისი გამოვლენის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების განხორციელება. 3. საგანგებო სიტუაციების გეგმაში გათვალისწინებული და განხილული უნდა იქნეს:
ა) რისკის დონე, დაკავშირებული იმ სამუშაო ადგილებთან და დავალებებთან, რომელთა შესრულებაც უწევთ დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე;
ბ) სად, როგორ და ვირუსული ინფექციის ინფიცირების რა წყაროების მიმართ შეიძლება აღმოჩნდნენ დასაქმებულები მოწყვლადნი;
გ) მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თანამშრომლების ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები (მაგ: ასაკი, ქრონიკული დაავადების არსებობა და ა.შ), განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მომხმარებლებთან ურთიერთობისას და ა.შ.

 

წყარო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

დამატებით ინფორმაციისთვის დაუკავშირდით -  ტელ: 1505   116 001

დოკუმენტის სახით გადმოწერა -  სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ზოგადი რეკომენდაციები

 

რეიტინგი: 3 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.