სამართლებრივი აქტები და კანონმდებლობა ტურიზმში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

თავი მეთერთმეტე
ტურისტული მომსახურება


მუხლი 657. ცნება
1. ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის.
2. ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) ტურისტული მომსახურების ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99

მუხლი 657 - 1. არასათანადო ინფორმაციის მიწოდების აკრძალვა
მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებული ნებისმიერი აღწერილობითი ფორმა, ღირებულება და ხელშეკრულების სხვა პირობები, რომლებითაც ტურისტი უზრუნველყოფილია მოგზაურობის მომწყობის მიერ, არ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99

მუხლი 657 - 2. დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა
1. ტურისტს, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებით, ხელშეკრულების დადებამდე, წერილობით ან ტურისტისათვის მისაღები სხვა ფორმით, უნდა მიეწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია:
ა) ღირებულების, მისი გადახდის მეთოდებისა და განრიგის შესახებ;
ბ) დანიშნულების ადგილისა და მიზნების, გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი დახასიათების შესახებ;
გ) განთავსების ტიპის, მდებარეობის, კატეგორიის, მომსახურების ხარისხის, მისი კლასიფიკაციისა და სხვა ძირითადი მახასიათებლების შესახებ;
დ) კვების შესახებ;
ე) მარშრუტის შესახებ;
ვ) პასპორტთან და ვიზასთან, აგრეთვე მოგზაურობისათვის აუცილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ;
ზ) ვიზიტების, ექსკურსიების ან/და სხვა მომსახურების შესახებ, რომლებიც შედის პაკეტის ღირებულებაში;
თ) იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელია ტურისტთა გარკვეული რაოდენობა და ის არ შეგროვდა, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ტურისტის ინფორმირების უკანასკნელი ვადის შესახებ.
2. მოგზაურობის მომწყობმა, მოგზაურობის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, ტურისტს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) შუალედური გაჩერებების დროისა და ადგილების შესახებ;
ბ) მოგზაურობის მომწყობის ან მისი ადგილობრივი წარმომადგენლის ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი სააგენტოების ან/და სათანადო სამსახურების დასახელება, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ვისაც დახმარებისათვის შეუძლია მიმართოს ტურისტმა;
გ) არასრულწლოვნის მოგზაურობის შემთხვევაში, არასრულწლოვანთან ან მასზე პასუხისმგებელ პირთან პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალებათა შესახებ;
დ) ტურისტის იმ ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ტურისტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეული, აგრეთვე რეპატრიაციის, უბედური შემთხვევის ან/და ავადმყოფობის დროს ტურისტის დასახმარებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან.
3. ტურისტისათვის წერილობით ან სხვა სათანადო ფორმით მიწოდებული ინფორმაცია მოგზაურობის მომწყობისათვის ატარებს სავალდებულო ხასიათს.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99

მუხლი 657 - 3. ხელშეკრულების თავდაპირველი ფასის შეცვლისა და კალკულაციის წესები და მოგზაურობის მომწყობის ვალდებულებები
1. მოგზაურობის (პაკეტის) ღირებულება არ ექვემდებარება გადასინჯვას, გარდა ამ კოდექსის 660-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულება თავად ითვალისწინებს გადასინჯვის შესაძლებლობებს და თავდაპირველი ფასის შეცვლისა და კალკულაციის წესებს, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) ტრანსპორტის ღირებულება, საწვავის ღირებულების ჩათვლით;
ბ) კონკრეტული სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურების გადასახადები, როგორიცაა პორტებსა და აეროპორტებში ტვირთის გადატანა-გადაზიდვა, ტაქსის დაქირავება და სხვა;
გ) პაკეტში გათვალისწინებული სავალუტო კურსის ოდენობა.
2. გამგზავრების დღემდე, ოცი დღის განმავლობაში, მოგზაურობის (პაკეტის) ღირებულება გაზრდას არ ექვემდებარება, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მოგზაურობის მომწყობი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იძულებულია გამგზავრებამდე მნიშვნელოვნად შეცვალოს ხელშეკრულების არსებითი პირობები, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ტურისტს, რათა მან მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეცვლილი პირობებით მისი მიღების თაობაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს მოგზაურობის მომწყობს.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99

მუხლი 658. მესამე პირი მოგზაურობაში
1. მოგზაურობის დაწყებამდე ტურისტს შეუძლია მოითხოვოს მის ნაცვლად მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობა. მოგზაურობის მომწყობს შეუძლია უარი განაცხადოს მესამე პირის მონაწილეობაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს მოგზაურობისათვის აუცილებელ პირობებს.
2. მოგზაურობის მომწყობს შეუძლია მოსთხოვოს ტურისტს იმ დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, რაც მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობამ გამოიწვია.

მუხლი 659. მოგზაურობის ხარვეზები
1. მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი ხარვეზები, რომლებსაც შეუძლიათ გააუფასურონ ან შეამცირონ მოგზაურობის მნიშვნელობა ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
2. თუ მოგზაურობას ასეთი ხარვეზები აქვს, მაშინ ტურისტს შეუძლია მოითხოვოს მათი აღმოფხვრა. მოგზაურობის მომწყობს უფლება აქვს უარი თქვას ხარვეზების გამოსწორებაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.
3. თუ მოგზაურობის მომწყობი არ აღმოფხვრის ხარვეზებს ტურისტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაშინ ტურისტს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ხარვეზები და მოითხოვოს მათზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ მოგზაურობის მომწყობი უარს იტყვის ხარვეზების აღმოფხვრაზე, ან თუ ტურისტი დაინტერესებულია ხარვეზის დაუყოვნებელი აღმოფხვრით.

მუხლი 660. ღირებულების შემცირება მოგზაურობის ხარვეზის გამო
1. თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები.
2. ღირებულება არ შემცირდება, თუ ტურისტი თავისი ბრალით არ შეატყობინებს მოგზაურობის მომწყობს ხარვეზის შესახებ.

მუხლი 661. ხარვეზის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა ტურისტის ინიციატივით
1. თუ ტურისტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა 659-ე მუხლში მითითებული ხარვეზის გამო, მას შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება. ასეთივე წესი გამოიყენება მაშინაც, თუ მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მოგზაურობაში საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც იცის მოგზაურობის მომწყობმაც.
2. ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როცა მოგზაურობის მომწყობი პირი არ აღმოფხვრის ხარვეზებს ტურისტის მიერ დადგენილ ვადაში. ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ ხარვეზების გამოსწორება შეუძლებელია, ან მოგზაურობის მომწყობი უარს იტყვის მათ აღმოფხვრაზე, ან ხელშეკრულების შეწყვეტა გამართლებულია ტურისტის განსაკუთრებული ინტერესებით.
3. ხელშეკრულების შეწყვეტისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული ანაზღაურების მიღების უფლებას, მაგრამ მას შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება უკვე გაწეული უხარვეზო მომსახურებისათვის.
4. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ტურისტის უკან მიყვანა, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოგზაურობის მომწყობი მოვალეა უკანვე მიიყვანოს იგი. ამ შემთხვევაში დამატებითი ხარჯები მოგზაურობის მომწყობს ეკისრება.
5. თუ ტურისტი მოგზაურობის დაწყებამდე, ამ კოდექსის 6573 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წყვეტს ხელშეკრულებას, პაკეტი უქმდება და ასეთ შემთხვევაში მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია ტურისტს:
ა) შესთავაზოს თავდაპირველი პაკეტის ეკვივალენტური ან უკეთესი ხარისხის ახალი პაკეტი, როცა ეს შესაძლებელია;
ბ) ან აუნაზღაუროს ფასში განსხვავება, თუ შეთავაზებული ახალი პაკეტი დაბალი ხარისხისაა;
გ) ან დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ხელშეკრულების თანახმად გადახდილი თანხა.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99

მუხლი 662. მოგზაურობის ხარვეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
1. თუ მოგზაურობის ხარვეზები წარმოიშვა იმ გარემოებათა შედეგად, რომლებზედაც პასუხს აგებს მოგზაურობის მომწყობი, ტურისტს შეუძლია ხარვეზების გამო ანაზღაურების შემცირების ან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების შეუზღუდავად მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
2. თუ მოგზაურობა ჩაიშალა ან იგი არაჯეროვნად იყო ორგანიზებული, მაშინ ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ასევე შვებულების უსარგებლოდ დაკარგვით გამოწვეული შესაბამისი ფულადი ანაზღაურება.
3. თუ ხელშეკრულება, ტურისტის ბრალის გარეშე, მოგზაურობის დაწყებამდე შეწყდება, ტურისტს უფლება აქვს მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
ა) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელ პირთა რაოდენობის სიმცირე, რის შესახებაც ტურისტს წერილობითი ფორმით ეცნობა იმ ვადის განმავლობაში, რომელიც მითითებულია მოგზაურობის (პაკეტის) აღწერილობაში;
ბ) ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზია დაუძლეველი ძალა.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99

მუხლი 662 - 1. ტურისტული მოგზაურობის მომწყობის ვალდებულება ტურისტის საჩივარზე სწრაფი რეაგირების მოხდენის შესახებ
მოგზაურობის მომწყობი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია სწრაფი რეაგირება მოახდინოს ტურისტის საჩივარზე და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99

მუხლი 662 - 2. ტურისტული მოგზაურობის მომწყობის ვალდებულება ტურისტისათვის გარანტიების წარდგენის შესახებ
მოგზაურობის მომწყობმა უნდა წარმოადგინოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები გაკოტრების შემთხვევაში მომხმარებელთა რეპატრიაციის და მათთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნების მიზნით ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99

მუხლი 663. მოგზაურობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა
1. 659 – 662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე. ვადის გასვლის შემდეგ ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში.
2. ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას.

მუხლი 664. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
მოგზაურობის მომწყობს ტურისტთან შეთანხმებით შეუძლია შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით, თუ:
ა ) ტურისტისათვის მიყენებული ზიანი არ იყო გამოწვეული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით,
ან
ბ ) მოგზაურობის მომწყობი ერთპიროვნულად მთლიანად არ აგებს პასუხს ტურისტის წინაშე იმ ზიანისათვის, რომელიც წარმოიშვა მოგზაურობის მომწყობის ვალდებულების შემსრულებელთაგან ერთ-ერთის ბრალის შედეგად.

მუხლი 665. უარი ხელშეკრულებაზე მოგზაურობის დაწყებამდე
1. ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
2. ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას. ამავე დროს, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად.

მუხლი 666. დაუძლეველი ძალა
1. თუ მოგზაურობა არსებითად გაძნელდება, ან წარმოიშობა სხვა საფრთხე, ან ტურისტს მიადგება ზიანი ხელშეკრულების დადებისას გაუთვალისწინებელი დაუძლეველი ძალის დადგომის შედეგად, მაშინ როგორც ტურისტს, ისე მოგზაურობის მომწყობს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტისას გამოიყენება 661-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-4 ნაწილის პირველი წინადადების წესები. თითოეულ მხარეს ეკისრება უკან მიყვანის დამატებითი ხარჯების ნახევარი. სხვა შემთხვევაში დამატებითი ხარჯები ეკისრება ტურისტს.

მუხლი 667. მოგზაურის საზიანო შეთანხმებათა დაუშვებლობა
ამ თავით გათვალისწინებული წესები არ შეიძლება შეიცვალოს მოგზაურის საზიანოდ.

წყარო - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

დოკუმენტის სახით გადმოწერა - საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. თავი მეთერთმეტე. ტურისტული მომსახურება

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.