Starring Georgia 23 ივლისს Justin Timberlake-ს მასპინძლობს!

მსოფლიო პოპ-სცენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, კონცერტით საქართველოს ესტუმრება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლექ სი არენა“ ავრცელებს.
ორგანიზატორების თქმით, ტიმბერლეიკი ქართველი აუდიტორიის წინაშე 23 ივლისს, „დინამო არენას“ სტადიონზე წარდგება.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 8 აპრილს, 12:00 საათზე, ონლაინ პლატფორმაზე TKT.ge/JustinTimberlake. თუმცა, Starring Card-ის მფლობელებს ექსკლუზიური წვდომა 7 აპრილიდან ექნებათ, ასევე 12:00 საათზე.
„Starring Georgia-ს“ პროექტის ფარგლებში, ქართულმა საზოგადოებამ უკვე უმასპინძლა არაერთ მსოფლიო დონის ვარსკვლავს, თუმცა ჯასტინ ტიმბერლეიკი მუსიკალური სამყაროს განსაკუთრებული ფიგურაა, რომლის ჩართვაც ამ ინიციატივაში აუცილებელი და სიმბოლური იყო“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ჯასტინ ტიმბერლეიკი ამერიკელი პოპისა და R&B-ის შემსრულებელია, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობი. ფართო აღიარება მან ჯგუფ ‘N Sync-ის სოლისტის როლით მოიპოვა, ხოლო 2002 წელს სოლო კარიერა დაიწყო ალბომით Justified, რომელიც მსოფლიო მასშტაბით შვიდ მილიონზე მეტჯერ გაიყიდა. ტიმბერლეიკს მიღებული აქვს 10 გრემის ჯილდო და ასევე წარდგენილი იყო ოსკარის ნომინაციაზე.