დაფუძნდა: 14 თებერვალი, 2005
დამაარსებელი: ჩად ჰარლი, სტივ ჩენი, ჯოუდ კარიმი
სათავო ოფისი: სან ბრუნო, კალიფორნია
მფლობელი: Google
მომხმარებლები: 2,562 მილიარდი (2022 წლის იანვარი)
YouTube-ის დევიზია: Broadcast Yourself (ქართ. იმაუწყებლე შენით).
YouTube — ვებ საიტი და მობილური აპლიკაცია, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს ვიდეოები.
2005 წლის თებერვალში, PayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა YouTube, ხოლო 2006 წლის ნოემბერში გუგლმა შეიძინა იგი $1.65 მილიარდად და დღესდღეობით მუშაობს როგორც გუგლზე დაქვემდებარებული კომპანია. კომპანია დაფუძნდა სან ბრუნოში, კალიფორნიაში და იყენებს Adobe Flash Player-ისა და HTML5-ის ტექნოლოგიას, მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მრავალფეროვანი ვიდეო მასალის გადმოსაცემად, მათ შორის: კინო და სატელევიზიო კლიპების, მუსიკალური კლიპების, ასევე სამოყვარულო მასალების, როგორებიცაა ვიდეო ბლოგერობა და მოკლე ორიგინალური ვიდეოები.
YouTube-ზე ყველაზე მეტ მასალას ტვირთავენ ცალკე პიროვნებები, თუმცა მედია კორპორაციები, მათ შორის CBS, BBC, UMG და სხვა ორგანიზაციები, სთავაზობენ მომხმარებლებს თავიანთ ნაწარმს, საიტის მეშვეობით, YouTube-თან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
დაურეგისტრირებელ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ვიდეოების ყურება, მაშინ როდესაც დარეგისტრირებულს შეუძლია ვიდეოების ატვირთვა განუსაზღვრელი რაოდენობით, ვიდეოების შეფასება და კომენტარების დაწერა.
ვიდეოებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ არასასიამოვნო ან შეურაცხმყოფელ შინაარსს, აქვთ ნახვის შეზღუდვა 18 წლამდე. იმ ვიდეოების ატვირთვა, რომლებიც შეიცავენ ცილისწამებას, პორნოგრაფიას, საავტორო უფლების დარღვევასა და დანაშაულისკენ მოწოდებას, აკრძალულია YouTube-ის სერვისის წესდებით.