ცნობები საქართველოს და კავკასიის შესახებ
ჰენრი ნორმანი, სრულიად რუსეთი: მოგზაურობა და გამოკვლევები თანამედროვე ევროპულ რუსეთში, ფინეთში, ციმბირში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ნიუ-იორკი 1902
© ნათია მეჩითიშვილი, გიორგი სორდია, 2019
© ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი
წინასიტყვაობა
ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი წარმოგიდგენთ მორიგ პუბლიკაციას ჩვენი „თარგმანების სერიიდან“. ამჯერად გთავაზობთ ბრიტანელი პუბლიცისტის და დიპლომატის ჰენრი ნორმანის (1858-1939) წიგნის „სრულიად რუსეთი: მოგზაურობა და გამოკვლევები თანამედროვე ევროპულ რუსეთში, ფინეთში, ციმბირში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ ნაწილობრივ თარგმანს. წიგნი გამოცემულია 1902 წელს, რომელშიც რუსეთის იმპერიაში ავტორის მოგზაურობაა აღწერილი. წიგნს ღირებულება აქვს ქართველი მკითხველისთვისაც, რადგან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დეტალურად აღწერს ავტორის მოგზაურობას საქართველოსა და კავკასიის სხვა მხარეებში. ჰენრი ნორმანი საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან, საქართველოს სამხედრო გზის გავლით შემოვიდა, იმყოფებოდა თბილისში, მოგზაურობა კი დაასრულა ბაქოში. ყურადღებას იქცევს ავტორის მიერ კავკასიის მთიანეთის, ასევე ადგილობრივი ტრადიციების და ეთნოგრაფიული თავისებურებების აღწერა. წიგნში განსაკუთრებით საინტერესო ცნობებია წარმოდგენილი თბილისის შესახებ, გადმოცემულია ავტორის თვალით დანახული თბილისური ყოველდღიურობა, ქალაქის ინფრასტრუქტურა, თუ არქიტექტურა, იმ დროს თბილისში მცხოვრები ხალხები, მათი ჩაცმულობა და ზნე-ჩვეულებები. კავკასიის აღწერას წიგნში ოთხი თავი ეთმობა. წინამდებარე გამოცემაში ოთხივე თავის თარგმანი უცვლელად არის წარმოდგენილი.
ჰენრი ნორმანი წლების მანძილზე ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ გამოცემებთან როგორებიც იყო „პალ მალ გაზეტე“ და „ნიო იორკ თაიმსი“, მისი მთავარი ინტერესის სფერო კი გახლდათ რუსეთის და შორეული აღმოსავლეთის პოლიტიკა და საზოგადოება. მე-19 საუკუნის ბოლოს მან ოთხჯერ იმოგზაურა რუსეთის იმპერიაში, მათ შორის კავკასიაში, რაც საბოლოო ჯამში დასრულდა კიდეც წარმოდგენილი პუბლიკაციის გამოქვეყნებით. ჰენრი ნორმანს ასევე ეკუთვნის წიგნები იაპონიის (1892) და შორეული აღმოსავლეთის (1895) შესახებ.
აღსანიშნავია, რომ წიგნი უხვად არის ილუსტრირებული ფოტოებით, რომელთა უმეტესობა თავად ავტორის გადაღებულია, ნაწილი კი მანვე შეიძინა მოგზაურობის დროს. კავკასიის შესახებ წიგნში შესულია ოცდასამი ფოტოილუსტრაცია. წინამდებარე პუბლიკაციისათვის კი ჩვენ შევარჩიეთ ცამეტი ფოტო და ერთი რუკა. ილუსტრაციების დიგიტალიზაცია განხორციელდა წიგნის ორიგინალი გამოცემიდან, რომელიც ინახება ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის ბიბლიოთეკაში.
გიორგი სორდია
ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის დირექტორი
გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზაციის წევრებისთვის (წევრობის ფორმა - FREE)