25 მაისის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში პირები ვალდებული იქნებიან შემოსვლიდან 72 საათში (მე-3 დღეს) განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი.
72 საათიანი PCR რეჟიმით შემოსვლის შემთხვევაში სავალდებულოა ელექტრონული აპლიკაციის შევსება, რომელიც განთავსებულია stopcov.ge-ზე https://registration.gov.ge/pub/form/8_protocol_for_arrivals_in_georgia/tk6157/
გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი.
საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს მოეთხოვებათ ჯანმრთელობის დაზღვევა, შეძენილი თავიანთ ქვეყანაში, ან - საქართველოში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ.
ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვადასხვა სახის იუბილე.