ტურისტული ბლოგი

ეს ძალიან საინტერესოა

ხელშეკრულებები ტურისტულ ბიზნესში

ხელშეკრულებები ტურისტულ ბიზნესში

რა არის ხელშეკრულება?
ხელშეკრულება არის ორ მხარეს შორის დადებული შეთანხმება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის თაობაზე. მის მნიშვნელობას ხშირად ვერც კი ათვითცნობიერებენ. ხელშეკრულება აუცილებელია მხარეების ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების რეგულირებისთვის.
მხარეები ხელშეკრულებით ერთმანეთს ანიჭებენ გარკვეული მოთხოვნის უფლებას, ნებაყოფლობით კისრულობენ ვალდებულებას, შეასრულონ ესა თუ ის მოთხოვნა. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე, ხელშეკრულება არ დაიდება. თუ პირს ძალდატანებით, იძულებით ან მოტყუებით დაადებინეს ხელშეკრულება, მაშინ ასეთი ხელშეკრულება ბათილია, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ პირმა სარჩელით მიმართოს სასამართლოს, ხოლო სასამართლომ დადასტურებულად უნდა ცნოს ხელშეკრულების დადებისას მხარეთა თავისუფლების და ნების ავტონომიის პრინციპის დარღვევა.

რომელი ხელშეკრულებები არის საჭირო ტურისტულ ბიზნეში?
ტურისტულ ბიზნეში ხელშეკრულებების დადება ხდება:

მომსახურეობის მომწოდებლებთან:

ტუროპერატორებს და აგენტებს შორის:

  • ტუროპერატორი - ტურაგენტი
  • გამყვანი ტუროპერატორი  - შემომყვანი ტუროპერატორი

ხელშეკრულება პერსონალთან:

  • შრომითი ხელშეკრულება გიდთან
  • შრომითი ხელშეკრულება მძღოლთან
  • შრომითი ხელშეკრულება პროდუქტებისა და გაყიდვების მენეჯერთან
  • შრომითი ხელშეკრულება მარკეტინგის მენეჯერთან
  • და ა.შ.

რატომ უნდა დაიდოს ხელშეკრულება?
ხელშეკრულების დადების შემთხვევაში მხარეები უფრო მეტი პასუხისმგებლობით თანამშრომლობენ და ამაღლებენ მომსახურების ხარისხს და უზრუნველყოფენ მხარეთა ურთიერთსასარგებლო დამოკიდებულებას.

როგორი ფორმით უნდა დაიდოს ხელშეკრულება?  
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას იძლევა,  რომ ხელშეკრულება დაიდოს ზეპირადაც და წერილობითი ფორმა აუცილებელი არ არის, მაგრამ გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით ხელშეკრულებები უნდა იყოს წერილობით სახის.  ტურისტული ხელშეკრულებების დადება არ მოითხოვს დამოწმდეს სანოტარო წესით. (მაგ. სავალდებულოა უძრავი ქონების  ნასყიდობის შემთხვევაში). მხარეების მიერ ხელმოწერის გაკეთების შემდგომ ხელშეკრულება დადებულად ითვლება.

რა სახის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს?
ხელშეკრულება შეიძლება იყოს 3 სახის:

1. როდესაც ტუროპერატორი ან აგენტი წინასწარ ყიდულობს გარკვეული ვადით მომსახურეობას (სასტუმროს ნომრები და ა.შ.) ამ შემთხვევაში ტუროპერატორი არ არის მომსახურების მომწოდებელთა საქმიანობაზე დამოკიდებული. მაგ. მსხვილი ტუროპერატორები, როგორც წესი, სასტუმროებთან აფორმებენ გრძელვადიან ხელშეკრულებებს გარკვეულ ადგილებზე, ან სასტუმროს სრულ დატვირთვაზე, რაც მათ დაბალი ფასებით მომსახურების საშუალებას აძლევს.

2. როდესაც ტუროპერატორი ან აგენტი წინასწარ ჯავშნის  და იღებს ვალდებულებას მათი ნაწილის დატვირთვაზე.

3. ტიპიური ხელშეკრულება მიმდინარე დაჯავშნების გაკეთების შესახებ. ეს ტურისტული ფირმებისთვის ყველაზე მისაღები და გავრცელებული ფორმაა. განსაკუთრებით მათთვის ვინც ინდივიდუალური ტურების ორგანიზებით არიან დაკავებულნი. მაგალითად, განთავსების ობიექტთან ხელშეკრულების დროს ტუროპერატორი   სასტუმროში აგზავნის დაჯავშნის განაცხადს და სასტუმროდან დადებითი პასუხის შემთხვევაში ახდენს სასტუმრო მომსახურების გაყიდვას.  

ხელშეკრულების ძირითადი პუნქტები?

  • ხელშეკრულების მხარეები - ამ პუნქტში აღწერილია ვინ არიან ხელშეკრულების მხარეები, იურიდიული პირის შემთხვევაში დასახელებასთან ერთად საჭიროა მისი საიდენტიფიკაციო კოდი; ფიზიკურ პირის შემთხვევაში კი პირადი ნომერი.
  • ტერმინთა განმარტებები - ხელშეკრულებაში მოცემული ტერმინების განმარტება და დაზუსტება.
  • ხელშეკრულების საგანი - რა არის ხელშეკრულების ძირითადი შინაარსი
  • პირობები - ამ თავში აღწერილი უნდა იყოს პროდუქტების/ სერვისების მახასიათებლები. მაგალითად ტურისტული პაკეტის შემთხვევაში მასში შემავალი ტრანსპორტი, განთავსების ობიექტი, კვების ობიექტი, გიდი, მარშრუტი, სანახაობები და ა.შ.
  • მხარეთა ვალდებულებები - ვალდებულებები რომელის შესრულებასაც კისრულობენ მხარეები.
  • ფასი და გადახდის ვადები  - რამდენია გადასახდელი თანხა, როდის მოხდება თანხის  ნაწილობრივ  ან მთლიანად გადახდა და რას მოიცავს გადახდილი თანხა.
  • მხარეთა უფლება-მოვალეობანი - რისი უფლება და მოვალეობა გააჩნია თითოეულ მხარეს.
  • მხარეთა პასუხისმგებლობა - ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების  შემთხვევაში რითი აგებენ პასუხს მხარეები.
  • ფორსმაჟორი - ითვალისწინებს მოქმედებას და პასუხისმგებლობას მხარეებისთვის  მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი  და გადაულახავი გარემოებების შემთხვევაში.
  • ხელშეკრულების მოქმედების და გაუქმების ვადები  - რა დროით იდება ხელშეკრულება, როგორია ვადაზე ადრე გაუქმების პირობები.
  • ცვლილებები ხელშეკრულებაში -  ეს თავი არეგულირებს ცვლილებების შეტანის წესებს და ვადებს.
  • დავის გადაჭრა - პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში როგორ ხდება დავის გადაჭრა.
  • რეკვიზიტები - ხელშეკრულების მხარეების პირადი და  საკონტაქტო ინფორმაცია, როგორიცაა ოფისის მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტა და ა.შ.

რომელი სამართლებრივი ნორმებით რეგულირდება ტურისტული ხელშეკრულება?
ტურისტული ურთიერთობის მონაწილეებმა ასევე კარგად უნდა იცოდნენ შესაბამისი სამართლებრივი ნორმები და უფლებამოვალეობები. ტურიზმში საკონტრაქტო-სახელშეკრულებო ურთიერთობები რეგულირდება საერთაშორისო და ეროვნული სამოქალაქო სამართლის ნორმების შესაბამისად.
საერთაშორისო დონეზე ასეთი ურთიერთობები რეგულირდება შემდეგი ძირითადი დოკუმენტებით:

  • საერთაშორისო კონვენცია მოგზაურობის კონტრაქტის შესახებ (22.10.70). ტურისტული სააგენტოების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის გენერალური ასამბლეა (FUAAB)
  • დებულება ტურისტული კონტრაქტებისა და გასვლების შესახებ, რომელიც მიღებულია ევროპის საბჭოს უსაფრთხოების საბჭოს წევრი სახელმწიფოების ვენის შეხვედრაზე (1992);
  • შეთანხმება საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ძირითადი წესების უნიფიცირების შესახებ (ვარშავის კონვენცია); მიღებულ იქნა 1929 წლის 12 ოქტომბერს, ცვლილებები და დამატებები 1955 და 1975 წლებში;
  • ჟენევის კონვენცია ავტომობილებით საერთაშორისო მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის შესახებ (ბრიუსელი, 1967წ);
  • დსთ-ს ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეას დადგენილება `დსთ-ს ქვეყნების თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების შესახებ ტურიზმის დარგში(1996 წლის 29 ოქტომბერი);

ეროვნულ დონეზე ტურიზმის მომსახურების ძირითადი საკანონმდებლო უზრუნველყოფა და ამ სფეროში არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ნორმები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 თავით. (ლინკი) აღსანიშნავია, რომ დასახელებულ თავს საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 28 აპრილის კანონით დაემატა მთელი რიგი ნორმები, რითაც შემოღებულ იქნა ტურისტის უფლებების დამატებითი დაცვის გარანტიები და ამაღლდა ტურისტული კომპანიების პასუხისმგებლობის ხარისხი. თუმცა, ხელშეკრულებითი ურთიერთობები ტურიზმის დარგში არ რეგულირდება რაიმე ერთი საკანონმდებლო აქტით, ის შეიძლება დარეგულირდეს შემდეგი სამართლებრივ- ნორმატიული აქტებით და კანონებით:

  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; (ლინკი)
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • საქართველოს საჰაერო კოდექსი;
  • საქართველოს საზღვაო კოდექსი;
  • საქართველოს სარკინიგზო კოდექსი;
  • კანონი ტურიზმისა და კურორტების შესახებ;  (ლინკი)
  • სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ;
  • ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ;
  • თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ;
  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ;
  • სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ;
  • სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ;
  • ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ;
  • გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ;
  • მონოპოლიური წარმოებისა და კონკურენციის შესახებ;
  • რეკლამის შესახებ;
  • კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ;
  • დაზღვევის შესახებ;
  • სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ;
  • კულტურის შესახებ;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ.
  • მუზეუმების შესახებ;
  • კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ;
  • დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ;
  • გარემოს დაცვის შესახებ;
  • ცხოველთა სამყაროს შესახებ;

ვინ ამზადებს ხელშეკრულებას ?
იურისტის დახმარებით ხელშეკრულება მომსახურეობის მომწოდებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს გამზადებული  განსაზღვრული სტანდარტული პირობებით, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ურთიერთშეთანხმების გზით.

როგორ ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა?
ხელშეკრულების მხარეებს უფლება აქვთ, ვადაზე ადრე მოითხოვონ ხელშეკრულების შეწყვეტა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გარკვეული წესების დაცვით (სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 360-ე და 405-ე მუხლები). ცალკეული ხელშეკრულებების მიმართ სპეციალურადაა გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის წესები, მაგალითად, ერთი თვით ადრე შეწყვეტამდე წინასწარი გაფრთხილება.

 

მსგავსი გვერდები